საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის LIVE რეიტინგში 600 ქულა დაკარგა, რის გამოც 56 ადგილით დაქვეითდა და ახლა, 92-ე პოზიციაზე იმყოფება.
30 წლის ბასილაშვილის რეგრესი კლასიფიკაციაში შარშანდელ ინდიან ველსის მასტერსზე აღებული ქულების გამოკლებამ გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ქართველი ჩოგბურთელი Paribas Open-ის ფინალში იყო, სადაც ბრიტანელ კამერონ ნორისთან ანგარიშით 6:3, 4:6 და 1:6 დამარცხდა.
ცნობისთვის, 92-ე ადგილზე ბასილაშვილი 2017 წლის 16 იანვრის შემდეგ არ ყოფილა. მას შემდეგ მან საგრძნობი პროგრესი განიცადა - ქართველის საუკეთესო შედეგი იყო მე-16 პოზიცია, რომელსაც ის 2019 წლის მაისიდან ივლისამდე იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს ბოლო 9 მატჩში 8 მარცხი მოუგროვდა და ის ერთი გამარჯვებაც იმის წყალობით იზეიმა, რომ მეცის ტურნირის საწყის წრეში ბელგიელმა ზიზუ ბერგსმა ტრავმა მიიღო.