ბელარუსი ქათმის, კვერცხისა და რძის პროდუქტების ექსპორტს დროებით კრძალავს. პირველ ეტაპზე პროდუქციის გატანა აიკრძალება რუსეთში, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, გამორიცხული არ არის, რომ შემდგომ ეტაპზე ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც შეჩერდეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექსპორტის აკრძალვის მთავარი მიზეზებია - ადგილობრივ ბაზარზე ფასების რეგულირება და ამასთან, იგივე შიდა ბაზრის პროდუქციის საჭირო რაოდენობით მომარაგება.
გთავაზობთ იმ 5 პროდუქტის ჩამონათვალს, რაც საქართველომ 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა ბელარუსში. ჩამონათვალში ლიდერობს: რძე და ნაღები, მას მოსდევს ეთილის სპირტი, ფილები მერქანბოჭკოვანი მერქნის ან სხვა გამერქნებული მასალებისაგან, ტრაქტორები და უნაგირა საწევარები და დაფასოებული სამკურნალო საშუალებები.
რაც შეეხება სხვა აკრძალულ პროდუქტს, საქსტატის მონაცემებით, კვერცხის იმპორტი ბელარუსიდან არ ხორციელდება. მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში ბელარუსიდან 254,7 ათასი დოლარის ყველი და ხაჭო ვიყიდეთ, ფრინველის ხორცის (გაყინული) იმპორტმა კი 72,8 ათასი დოლარი შეადგინა. მთლიანად მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ბელარუსში 48,946 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, რაც 15 მლნ დოლარზე მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.