ე.წ. განდგომილები, რომლებიც სინამდვილეში არიან „ქართული ოცნების" ორგანული ნაწილი, არიან ამ ქვეყნის მოღალატეები - მზად არიან ერთი კაცის მოთხოვნის შესაბამისად წაიკითხონ დაწერილი ტექსტი და ავნონ ქვეყანას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც ამერიკულ დაფინანსებაზე "ხალხის ძალის" განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობის განმავლობაში, "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც საპარლამენტო ტრიბუნიდან ღიად პრორუსული განცხადებები კეთდება.
"მე აქამდე ამ სიტყვას ("მოღალატეს")არ ვიყენებდი, მაგრამ ეს კონკრეტული ჯგუფი პირდაპირ მიდის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, აზიანებს ამ ქვეყნის ინტერესებს, მომავალს, უსაფრთხოებას და მზად არიან ერთი კაცის მოთხოვნის შესაბამისად წაიკითხონ დაწერილი ტექსტი და ავნონ ქვეყანას. ეს არის მოღალატეობა. მათი განცხადება, რომ პარტნიორების ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყნისთვის არ მოაქვს სარგებელი ადასტურებს, რომ მოღალატეობრივ განცხადებებთან ერთად, ეს ჯგუფი არის სრულიად უვიცი და არ იცის, რა ხდება ქვეყანაში. პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერა არის საჯარო, გამჭვირვალე და ქვეყნის სასარგებლო. გადახედოს ე.წ. განდგომილებმა, სინამდვილეში "ქართული ოცნების" ორგანულმა ნაწილმა, როგორ ხდება ქვეყნის მხარდაჭერა, მეტი დრო დახარჯონ წაკითხვაზე.
ივანიშვილის მიზანია დააშოროს ეს ქვეყანა ევროპულ არჩევანს, ეს ხელისუფლება ქვეყნის დამოუკიდებლობის განმავლობაში არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ორჯერ ამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან ჟღერდებოდა ღიად პრორუსული განცხადებები. ასეთი იყო "პატრიოტთა ალიანსი", რომელიც პირდაპირ იყო მხარდაჭერილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და დღეს უკვე საპარლამენტო ტრიბუნიდან ჟღერდება ანტიდასავლური განცხადებები "ქართული ოცნების" მხრიდან. ივანიშვილის მიზანია, რომ შეასუსტოს ქვეყანა და დააშოროს ევროპულ მომავალს, ეს არ გამოსვლია არც ერთ ძალას ამ ქვეყანაში და არც "ქართულ ოცნებას" და ივანიშვილს გამოუვა. ამ ქვეყანას ჰყავს პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერენ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ ამ ქვეყანას და ყველა მათი განცხადება ცხადყოფს, რომ ისინი ამ ქვეყანას არ მიატოვებენ. ივანიშვილს მოუწევს უკან დახევა,"- განაცხადა სამნიძემ.