ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ტატო გრგიალაშვილმა ფინალში ბელგიელი კასე მატიასი დაამარცხა და პირველად მოიპოვა კარიერაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. გრიგალაშვილი ბრძოლაში მეორე რაუნდიდან ჩაერთო, მისი მეტოქე ფრანგი დიალო ალფა იყო, რომელთანაც შესანიშნავი იპონით მოახერხა გამარჯვება. მესამე რაუნდში ტატო დომენიკელ მედისო კორტორეალს გოლდენ სქორში ვაზარით მოუგო. ¼ ფინალში გრიგალაშვილი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს იაპონელ ნაგასე ტაკანორის შეხვდა, რომელუს დამარცხებაც შიდოებით შეძლო.
ანალოგიურად აჯობა მეტოქეს ½ ფინალშიც, სადაც ტატო აზერბაიჯანელ მოლაის დაუპირისპირდა. საბოლოოდ კი ფინალში ბელგიელ კასეს შეხვდა, რომელიც მისი პრინციპული მეტოქეა. ამ სპორტსმენებისთვის აღნიშნული ბრძოლა ერთმანეთთან მეხუთე შეხვედრა იყო და აქამდე ანგარიში 2:2 გახლდათ. წინა წელს სწორედ ბელგიელთან დამარცხა ტატო გრიგალაშვილი ფინალში ამიტომაც ეს გამარჯვება გარკვეული რევანში იყო. ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, გრიგალაშვილმა თავდაპირველად ორი შიდო მიიღო, თუმცა შეხვედრას თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა, საბოლოოდ კი გოლდენ სქორში ქამარში ჩავლების შემდეგ შესანიშნავი გდებით კასე დაამარცხა.
22 წლის ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეექვსე ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. დღეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მოქმედი ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე.