სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოდის. ანგარიშში 2021 წლის ფაქტებია ასახული.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 4 666 განცხადება შევიდა, ხოლო სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 11 126 ზარი განხორციელდა.
სახალხო დამცველმა 2021 წელს მოამზადა და სახელმწიფო უწყებებს მიმართა 67 რეკომენდაცია/წინადადებით. ნინო ლომჯარიას განცხადებით, უწყებებიდან ყველაზე მეტი რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტროში, გენერალურ პროკურატურაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა.
2021 წლის განმავლობაში მომზადდა 20 სპეციალური ანგარიში, 17 კონსტიტუციური სარჩელი და 4 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის. მომზადდა და გაიგზავნა 13 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში გამოვლენილია დისკრიმინაციის 161 ახალი შემთხვევა, საიდანაც ყველაზე მეტი - 17% პოლიტიკური შეხედულების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებს შეეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებული ბოლო ანგარიშია, რადგან მას უფლებამოსილება რამდენიმე თვეში ეწურება