ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს, რომლის ფარგლებში ლითონის ბოძები და მავთულხლართები უკანონოდ დაამონტაჟეს.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
სუს-ის განცხადებით, საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.
„საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპციო ძალას ეკისრება“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.