ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი, - ამის შესახებ ხარკოვის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა სერგეი ბოლვინოვმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე უკვე აღმოვაჩინეთ 534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, საიდანაც 226 ქალია, 260 მამაკაცი, 19 ბავშვი და 29 ადამიანის ნეშტი, რომელთა სქესი ჯერჯერობით დადგენილი არ არის“, - განაცხადა ბოლვინოვმა.
მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს ქალაქ იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ საფლავსაც, საიდანაც 447 ცხედარი ამოასვენეს.
სერგეი ბოლვინოვის განცხადებით, ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩენილია წამების 22 ოთახი.