ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“ წერს. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, სანქციები, რომლებიც ევროკავშირის ელჩებმა დღეს დაამტკიცეს, ნავთობის საზღვაო გზით ვაჭრობის ფასს ზღუდავს, ასევე აწესებს დამატებით აკრძალვებს ექსპორტსა და იმპორტთან დაკავშირებით და ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მმართველ საბჭოებში ყოფნას უკრძალავს. ამასთან, ევროკავშირის ვრცელ „შავ სიას“ ემატება ახალი ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტის შელახვაში ადანაშაულებენ.