რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მუშაობას მალე განაახლებს. ინფორმაციას სააგენტო RIA ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ატომურ სადგურზე ზედამხედველობას სრულად რუსული მხარე განახორციელებს.
ამასთან, Reuter-ის ინფორმაციით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი უახლოეს დღეებში ეწვევა მოსკოვს, რათა ატომურ სადგურზე არსებული სიტუაცია განიხილოს.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსული ძალები აკონტროლებენ. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ტერიტორიას ოკუპანტები ხშირად ბომბავენ. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვაში უკრაინას ადანაშაულებს.