ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიში წარადგინა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ტურიზმის აღდგენის კუთხით, დღევანდელი მონაცემის მიხედვით, არსებულმა სამოქმედო გეგმამ შედეგი გამოიღო. მისივე თქმით, დანახარჯი ერთ ტურისტულ ვიზიტზე გაზრდილია და ასევე, საშუალო ღამისთევების რაოდენობამ 6 ღამემდე მოიმატა.
ასევე, 2019 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, მიმდ. წლის ანალოგიურ პერიოდში 95%-იანი აღდგენა დაფიქსირდა და შემოსავლების მაჩვენებელმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ავიაციის სექტორს, 2019 წელთან შედარებით, წელს, 100%-იანი ზრდა დაფიქსირდა ავიამიმართულებების და ავიაკომპანიების, ასევე ავიასიხშირეების აღდგენის კუთხით. ქვივიშვილმა ასევე ისაუბრა ტურიზმის 2025 წლის სტრატეგიაზე და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მოგზაურების ვიზიტების 10 მლნ-მე, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების კი 5 მლრდ დოლარამდე გაზრდა იგეგმება.