ნატოს გენერალურმა მდივანმა მიიღო უკრაინის ალიანსში დაჩქარებულად გაწევრიანების განაცხადი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ჟოვკვა ავრცელებს.
“დღეისთვის ნატოს გენმდივანმა ოფიციალურად მიიღო ეს განაცხადი, უკრაინისგან ნოტის სახით. შემდეგი ეტაპი იქნება ამ განაცხადის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დონეზე განხილვა, ანუ ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩების დონეზე”, - განაცხადა ჟოვკვამ.
მისი თქმით, დაჩქარებულ პროცედურაში უკრაინული მხარე გულისხმობს ნატოში ინტეგრაციის გაგრძელებას სამოქმედო გეგმის (ე.წ. მაპის) გამოყენების გარეშე, “რომელიც აქამდე ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი იყო”.
“ამიტომ უკრაინას მოძრაობის შესაბამისი მოდელის იმედი აქვს და, რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტიც და დიპლომატიური სამსახურიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს ნატოს წევრ ქვეყნებთან, რათა ასეთ განაცხადს პრაქტიკული განხილვა მოჰყვეს”, - დასძინა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ.