კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (გალფი) მიერ „იბერია სერვისის“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურის იჯარის აღების გზით დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კონცენტრაცია ეხება საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზარს. ამ ეტაპზე, სააგენტო განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს სწავლობს.
ცნობისთვის, სააგენტოსათვის წინასწარ შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.
სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში განისაზღვრება ჯარიმა - კომპანიის გასული წლის ფინანსური ბრუნვის 5%-მდე ოდენობით. კონცენტრაციის შეფასების საფასური 5000 ლარს შეადგენს.