საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური ვირტუს ბოლონიას ერთ-ერთი ლიდერი, თორნიკე შენგელია, შესაძლოა, მოედანს უკვე ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდეს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ლუკა ბარალდიმ გაავრცელა.
“ამაზე არ ვფიქრობთ. ველით, რომ მალე დაბრუნდება ავუდუ აბასი, თორნიკე შენგელიამ კი, შესაძლოა, უკვე თვის ბოლოს ითამაშოს. ამას გარდა, იმ კალათბურთელებმა, რომელთაც სათამაშო დრო ტრავმირებულების ფონზე მიიღეს, თავი კარგად წარმოაჩინეს. ამდენად, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ შემადგენლობაში ცვლილებები შევიტანოთ”.
შეგახსენებთ, შენგელიამ ტრავმა 24 აგვისტოს მიიღო, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ნიდერლანდებს სძლია, კაპიტანი კი პარკეტზე დაეცა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. თორნიკეს ევრობასკეტის გამოტოვება მოუწია, თუმცა, ის ქირურგიულ ჩარევას გადაურჩა და ვარჯიშის დაწყებაც მოსალოდნელზე ადრე მოახერხა.
მოედანზე დაბრუნებული შენგელია ასევე დაეხმარება საქართველოს ნაკრებსაც, რომელსაც ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის შეხვედრები ელის: 11-ში, სტუმრად, ისლანდიასთან და 14-ში, შინ, იტალიასთან.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ვირტუს ბოლონიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქართველი კალათბურთელი კლუბის ღირსებას 2024 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.