ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.5 პროცენტით გაიზარდა და 150.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წელს მისი მოცულობა 57.6 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 24.6 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
2021 წელს მთლიანი ბრუნვის 65.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 18.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 46.8 პროცენტი, საშუალოზე - 24.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 28.7 პროცენტი.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2021 წელს 81.4 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 51.8 მლრდ. ლარი შეადგინა.