ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, 5 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ნავთობის მოპოვების მკვეთრად შემცირების გადაწყვეტილება მიიღოს. OPEC-ის წარმომადგენლობის განმარტებით, საუბარია დღიური წარმოების ერთი მილიონი ბარელით შემცირებაზე, რაც 2020 წლის შემდეგ დაფიქსირებული შემცირების ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელი იქნება.
ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების შემცირების გეგმა პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო ბირჟაზე ენერგორესურსების ფასების შემცირებასთან, მათ შორის, ბარელი ნავთობის ღირებულება გასულ თვეს 2022 წლის მინიმალურ ნიშნულამდე შემცირდა, რაც OPEC-ის წევრი სახელმწიფოებისთვის არახელსაყრელია.
OPEC-ის წევრი სახელმწიფოებისათვის ყველაზე ხელსაყრელ საფასო დიაპაზონად ბარელ ნავთობზე 90-100 დოლარი ითვლება, მიწოდების შემცირების პოლიტიკა კი ფასის სწორედ ამ ნიშნულისკენ დაძვრაზეა მიმართული. ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ღირებულება თითქმის 3%-ით გაიზარდა - ამჟამად ბარელი Brent-ის ღირებულება 88 დოლარს აღწევს.