მომავალ წელს, სახელმწიფო გადასახადებისგან მილიარდ 600 მლნ ლარით მეტს ელის. ამის შესახებ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული.
ამასთან, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 5 მილიარდ 543 მლნ ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 24 მილიარდ 300 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს საშუალებას იძლევა ბიუჯეტმა სრულყოფილად უპასუხოს ქვეყნის ძირითად გამოწვევებს. იზრდება სამინისტროების დაფინანსებაც.
რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რამდენით იზრდება სამინისტროების ასიგნებები და რა თანხებია გათვალისწინებული სხვადასხვა უწყებისთვის, გეტყვით რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 771 მლნ ლარით იზრდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება თითქმის 294 მლნ ლარით გაიზრდება. ასევე იზრდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროების დაფინანსება. რაც შეეხება ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს, აქ პირიქით, დაფინანსება შემცირდება 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით.