დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული დეტექტივის, ერიკ წურწუმიას სასამართლო პროცესი გაიმართება. დღევანდელი სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა მიმდინარე წლის 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, ზურა გველესიანის დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღი, რის შედეგადაც გველესიანი გარდაიცვალა.