უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სიაში არიან საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის, არის ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ან მისი ახლო გარემოცვა აუცილებლად იქნება სანქცირებული. ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სასანქციო სიის შემუშავების პროცესში მონაწილე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის წარმომადგენელმა, სვეტლანა მუსიიაკამ განაცხადა.
მისი განმარტებით, სანქცირებულთა საბოლოო სიის დამტკიცებამდე ბევრი სამართლებრივი პროცედურაა გასავლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო სიის შემადგენლობა შეიცვლება.
ამასთან, სვეტლანა მუსიიაკას ინფორმაციით, ამ დროისთვის სასანქციო სიაში, მსოფლიოს მასშტაბით, 19 ათასამდე ადამიანია შეყვანილი.
„სანქცირების პროცესი უკრაინის კანონმდებლობით რეგულირდება. ახლა ჩვენ გვაქვს სანქციების სიის შედგენის საწყისი ეტაპი - ეს არის ე.წ. სანქციების სია კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ. სწორედ მათ შეადგინეს პიროვნებებისა და იურიდიული პირების სია, რომლებიც შეიძლება გახდნენ სანქციების სამიზნეები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მიერ სიაში შეყვანილი ყველა ადამიანი დასანქცირდება. ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელიც დაფუძნებულია ანალიზზე, შესწავლილ დოკუმენტაციაზე.
ამის შემდეგ გადავდივართ იურიდიულ ეტაპზე. სანქციების შესახებ უკრაინის კანონის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტმა და სხვა სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურმა, ეროვნული ბანკმა წინადადებით უნდა მიმართონ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს, რათა მან გაავრცელოს სანქციები ადამიანებსა და იურიდიულ პირებზე. ეს საბჭო განიხილავს ამ წინადადებას და ეთანხმება ან არ ეთანხმება მას იმის მიხედვით, რამდენად მყარი სამართლებრივი საფუძველი აქვს ამას. შემდეგ ეტაპზე უკვე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო თავის გადაწყვეტილებას წარუდგენს პრეზიდენტს და მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია სანქციების სიასთან დაკავშირებით სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება. მხოლოდ მისი გადაწყვეტილება აღინიშნება, როგორც ლეგალური პროცესის დასაწყისი ადამიანების ან იურიდიული პირების სანქცირებისთვის...
რაც შეეხება იმ ადამიანების სიას, რომლებიც შესაძლოა დაექვემდებარონ სანქციებს, აქ არის, დაახლოებით, 19 ათასი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან და სხვა ქვეყნებიდან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა ინტერვიუში სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენელმა.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაში ასე შედიან, სვეტლანა მუსიიაკას ინფორმაციით, ამ ეტაპზე სანქციები საქართველოს არც ერთ მოქალაქესთან მიმართებაში არ არის შემოღებული.
„მე შევხედე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებებს სანქციებთან დაკავშირებით და ისინი არ ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ანუ სანქციები არ არის დაწესებული საქართველოს მოქალაქეებზე და შეიძლება არც დაწესდეს, თუმცა კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ფართო სიაში არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, არის ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა ადამიანი, მაგრამ, კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ან მისი ახლო გარემოცვა აუცილებლად იქნება სანქცირებული. ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდია“, - აღნიშნა სვეტლანა მუსიიაკამ.