„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 58 ათასი ტონა, რაც 13 ათასი ტონით ანუ 18,3%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (71 ათასი ტონა) შედარებით.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 48,9 ათასი ტონა განხორციელდა აზერბაიჯანიდან, რაც მთელი იმპორტის 84,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი; ერაყი; თურქმენეთი; რუსეთი და მალაიზია.
2022 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 25,52 ათასი ტონა, რაც 0,55 ათასი ტონით ანუ 2,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (24,97 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,9% (25,49 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.