„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის წინაპირობის შექმნაა და ამაზე ხელისუფლების გამოხმაურება „უსუსურია“.
როგორც სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ლუკაშენკოს ვიზიტზე ადეკვატური პასუხი იქნებოდა, რომ ბელარუსიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვიონ.
„გაუგებარია რეაქცია, რაც დღეს ვნახეთ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელმაც 10 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ვერაფერი გააკეთა. აგური კი არა, ერთი გრამიც ვერაფერი დადო, რათა რაიმე შეცვლილიყო ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იქ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან ურთიერთობების დინამიკაში. დღესაც უშვებს შესაძლო შანსებს ხელიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არაადეკვატური რეაგირებაა. დღეს ბელარუსის პრეზიდენტმა დაარღვია კანონი ოკუპაციის შესახებ. დაარღვია საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა. ამიტომ ადეკვატური პასუხი იქნებოდა ის, რომ ჩვენი ელჩი ბელარუსიდან კონსულტაციებისთვის იყოს გამოწვეული, მოთხოვნა და ოფიციალური ნოტა გადაეცეს ბელარუსის მხარეს, რომ დეზავუირება გაუკეთონ თავიანთ პოზიციას და ოფიციალურად დაადასტურონ, რომ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუ ბელარუსი ამას არ გააკეთეს, მოთხოვნა უნდა იყოს, რომ მათი ელჩი გაწვეულ იქნეს კონსულტაციებზე. „ქართული ოცნების“ უსუსური გამოხმაურებაა - ხელისუფლების, რომელიც 10 წელია ატყუებს ხალხს, რომ ქმედითი პოლიტიკა აქვს რუსეთთან, დალაგების, მოგვარების ე.წ. პოლიტიკა. ამ დალაგების პოლიტიკის ერთადერთი შედეგი არის გამყარება ჩვენი ტერიტორიების რუსეთის მიერ მითვისების.
ლუკაშენკო თუ ჯერ კიდევ ფიქრობს იმაზე, აღიაროს თუ არა, ეს იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ჩაეყარა საფუძველი მყარ არაღიარების პოლიტიკას. ბელარუსმა იცის, რომ სანქციები დამძიმდება, თუ ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ. ისინი ამ კომპენსაციას მოითხოვენ რუსეთისგან, კომპენსაციის დაპირება არ აქვს რუსეთს გაცემული და ეს არის შემაკავებელი ფაქტორი“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, საბოლოოდ, რუსეთის გეგმაა, რომ გაერთიანება შექმნას, სადაც იქნება ბელარუსი, რუსეთი, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები და ტერიტორიები, რაც შეიძლება უკრაინას წაგლიჯოს.
„შემაშფოთებელია, რაც დღეს მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბელარუსის პრეზიდენტის მხრიდან არის წინაპირობების შექმნა, რომ შემდგომ ამას მოჰყვეს აღიარება. ლუკაშენკომ არაერთხელ გააკეთა განცხადება და არ გამორიცხა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება, თუ ამის საჭიროება იქნება. ვფიქრობ, რუსეთის გეგმა საბოლოოდ არის, რომ შექმნას გაერთიანება - ბელარუსი, რუსეთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკების სახით და ტერიტორიები, რაც შეიძლება უკრაინას წაგლიჯოს ამ ომში“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ „მეგობრობის ხიდის“ აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.