EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. თუ წინა პროგნოზით, 2022 წელს ზრდა 3%-ს შეადგენდა, ამჯერად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ამ მაჩვენებელს 8%-მდე ზრდის.
ამასთან, EBRD-ის რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივის (REP) უახლესი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ყველაზე მაღალი ტემპით გამოირჩევა.
თუმცა EBRD იქვე შენიშნავს, რომ რეგიონში დაფიქსირებული წლევანდელი ძლიერი ზრდა 2023 წელს შემცირდება, რაც საშუალოვადიანი მდგრადობის მხრივ შემაშფოთებელია. ბანკი გაფრთხილებას იძლევა, რომ კავკასიაში ამჟამინდელი ზრდა ძირითადად დროებითი ფაქტორებით არის განპირობებული, რაც ადვილად შეიძლება, შეიცვალოს.
EBRD-ის შეფასებით, საქართველოსთვის რისკებს გაურკვევლობა და გარე შოკების მნიშვნელოვანი ალბათობა განაპირობებს. მაგალითად, თუ წელს საქართველოს ეკონომიკის პროგნოზირებული ზრდა 8%-ს შეადგენს, მომავალ წელს 5%-მდე მცირდება.