ლატვიის მთავრობამ რუსეთის სამხედრო მობილიზაციის გამო ლატვია-რუსეთის საზღვრის სამ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მედიის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი ლატვიას საშუალებას აძლევს, საზღვრებზე ოპერაციები გაზარდოს.
„ამჟამად ლატვიისა და რუსეთის საზღვარზე ვითარება სტაბილური და მშვიდია და მკაცრ კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც სურთ თავიანთი ქვეყნის დატოვება. ამრიგად, არსებობს რისკი, რომ არალეგალი მიგრანტების რიცხვი სწრაფად გაიზარდოს ლატვია-რუსეთის საზღვარზეც. საგანგებო ზომების მიზანია ამისთვის წინასწარ მომზადება“, - აცხადებენ ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს ალუქსნეს, ბალვასა და ლუძას რაიონებში, ასევე პორტებში, აეროპორტებში, აეროპორტის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და რკინიგზაზე.
ლატვია-რუსეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა სამი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
მთავრობამ ასევე გადაწყვიტა პედეძეს სასაზღვრო პუნქტის დაკეტვა რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შემდგომი შემცირების მიზნით.