სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის დერეფანში კინოფილმ „ცისფერი მთებიდან“ ცნობილი ნახატის - „გრენლანდიას“ ასლი დაკიდეს.
როგორც სამოქალაქო მოძრაობა „დემოკრატიის მცველების“ წევრი, რაფიელ კაკაბაძე აცხადებს, ნახატი მე-10 მოწვევის პარლამენტის სიმბოლოა და გამოხატავს იმას, „თუ როგორი ფუქსავატობით არის დაკავებული საკანონმდებლო ორგანო“.
„იმედია და ყველას ვუსურვებ ფიზიკურ ჯანმრთელობას, როცა ნახატს გაიტანენ, შენობა არ დაინგრევა, როგორც იმ ცნობილ ფილმშია“, - აცხადებს რაფიელ კაკაბაძე.
კიდევ ერთი აქტივისტის განცხადებით კი, მიუღებელია, როცა ადამიანები ხელფასს იღებენ და არაფერს აკეთებენ.
„ერთადერთი, რაც აკლდა პარლამენტს, არის ეს ცნობილი ნახატი, ამიტომ ყველაფერი, რაც გავაკეთეთ, ლეგიტიმურია იმ პირობებში, როცა ქვეყანაში არსებული ვითარება რთულია, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო იბრძვის თავისუფლებისთვის, მე- 10 მოწვევის პარლამენტი არაფერს აკეთებს . ამ ნახატს ვტოვებთ, ვნახოთ, თავად რას იზავენ,“ - განაცხადა ანა ქართველიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ნახატი საბოლოოდ, პარლამენტის აპარატის წარმომადგენელმა კედლიდან ჩამოხსნა.