სტამბოლის საზღვაო არხის მშენებლობა თურქეთს 20 მლრდ დოლარი დაუჯდება, რაც თავდაპირველ გათვლებზე 5 მლრდ დოლარით მეტია. ამის შესახებ გაზეთ Sabah-თან ინტერვიუს დროს თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ადილ ყარაისმაილოღლუმ განაცხადა.
მისი თქმით, არხის ღირებულება თავდაპირველ შეფასებაზე მაღალი აღმოჩნდა, რადგან თავიდან მშენებლობა 15 მლრდ დოლარად შეფასდა, პროექტი კი 20 მლრდ დოლარი ჯდება, რომლის მოძიებაც თურქეთის ხელისუფლებას არასაბიუჯეტო წყაროებიდან სურს.
მისი შეფასებით, ახალი არხი ბოსფორზე მოძრაობას განტვირთავს. ამჟამად სრუტეში ყოველწლიურად 50 000 გემი გადის, ხოლო თუ ეს ნაკადი 70 ათასამდე გაიზრდება, მაშინ, მინისტრის თქმით, „ბოსფორის სრუტით გავლა უბრალოდ შეუძლებელი გახდება.“
სტამბოლის არხის მშენებლობა ჯერ კიდევ 2011 წელს დაანონსდა. პროგნოზის მიხედვით, არხი ყოველდღიურად 160 გემის გატარებას შეძლებს. გემების გავლის საფასურიდან წლის განმავლობაში არხის შემოსავალმა შესაძლოა, 8 მლრდ დოლარს მიაღწიოს.