საქართველოს ნაკრების 20 წლის მორაგბემ დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის ტოპ 14-ის მეოთხე ტურში თავი ეფექტური და შედეგიანი თამაშით გამოიჩინა. ნინიაშვილმა ლიონსა და სტად ფრანსეს შორის გამართულ შეხვედრაში, ორი ლელო და ერთი არეკნი მიითვალა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ნინიაშვილმა ანგარიში მეორე წუთზე გახსნა, როდესაც საკუთარ დაწყებულ შეტევას კარგად მიყვა და საბოლოოდ რაქიდან აღებული ბურთის შემდეგ ლელოც დადო, ამას რამდენიმე წუთში 55 მეტრიდან უნაკლოდ შესრულებული არეკნიც მოყვა. შეხვედრის მიწურულს კი სწრაფად გათამაშებულ შეტევას დავითმა მხარი კარგად აუბა და საბოლოოდ მეორე ლელოც მიითვალა.
ეს ნინიაშვილის პირველი შედეგიანი შეხვედრა არ იყო, ოთხ ტურში მის ანგარიშზე სამი ლელოა და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი. მისი გუნდი ამ ეტაპზე 9 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო შემდეგ შეხვედრას ისინი 1 ოქტომბერს ფრანგული რაგბის კიდევ ერთ გრანდ კლერმონთან ჩაატარებს.