რაგბი ევროპის სუპერთასის მოქმედმა ჩემპიონმა შავმა ლომმა მიმდინარე სეზონის მორიგი მატჩი ჩაატარა და ქუთაისის აია არენაზე რუმინულ ვულვზთან მოიგო. აღსანიშნავია, რომ ქართულ ფრენჩაიზს ტრავმის გამო მატჩის წინ კაპიტანი მერაბ შარიქაძე გამოაკლდა, რომლის ადგილიც სასტარტო შემადგენლობაში ლაშა ლომიძემ დაიკავა, თადარიგში კი თორნიკე კახოიძე გამოჩნდა. მე-2 წუთზე კი თავად ლომიძე დაშავდა და კახოიძეს თამაშში ჩართვა მალევე მოუწია. რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ქართველები საწყის წუთებში არეულად თამაშობდნენ, თუმცა მალევე მათ საკუთარი თამაში იპოვეს მეტოქეს შესვენებამდე 3 ლელო დაუდეს. მეორე ტაიმში ბრძოლა ფაქტობრივად არ ყოფილა. შავმა ლომმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და საბოლოოდ შეხვედრა დიდი უპირატესობით, 43-21 მოიგეს. აღსანიშნავია ისიცვ, რომ 3 ლელოთი მეტით გატანისთვის შავმა ლომმა ბონუსიც მიითვალა და 12 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერობა განიმტკიცა. მე-2 ადგილზე თელ ავივ ჰითია (ისრაელი) 6 ქულით, შემდეგ კი, ხსენებული ვულვზი (5) და ბათუმი (4) მოდიან, რომელმაც პირველი გამარჯვება სწორედ ამ ტურში ისრაელის წარმომადგენელ ფრენჩაიზთან მოიპოვა. მე-4 ტურის მატჩები 15 ოქტომბერს შედგება: ბათუმი ვულვზს უმასპინძლებს, შავი ლომი კი თელ ავივ ჰითს ესტუმრება.