ფერადი, მრავალ შინაარსიანი ნაქარგობა ტანსაცმელს ამშვენებს და როგორც წესი ყოველთვის ყურადღებას იქცევს. ძაფით დატანილი რელიეფური გამოსახულება ერთფეროვან სამოსს უფრო საინტერესოს და მდიდრულს ხდის. ამ საქმიანობას კი როგორც წესი ქალბატონები ასრულებდნენ და ახლაც სიამოვნებით ქმნიან საინტერესო ნამუშევრებს. ქარგვის ისტორია კი საკმაოდ დიდია, თუმცა განიცადა თუ არა ევოლუცია, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. რადგან ერთი შეხედვით ქარგვის მასალებისა და ტექნიკის თვალსაზრისით თითქოს არაფერი შეცვლილა, მეტიც, ადრეული ნამუშევრებიდან ისეთებსაც აღმოაჩენთ, რომელთა დახვეწილობა თანამედროვე ნაწარმს ბევრად სჯობია. თუმცა რადგან გარკვეული ცვლილებები მაინც განიცადა, ჩვენი გადაცემის განხილვის თემადაც იქცა. რაც მთავარია სხვადასხვა ეროვნულ ტრადიციებში ფერებისა და ორნამენტების ნაირსახეობა ერთმანეთისგან განსხვავებულ ნამუშევრებს ქმნის. ქვეყნებში, რეგიონების მიხედვითაც კი შეიმჩნევა სტილისა და ფერის სხვაობა, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მაცხოვრებელი კულტურების თავისებურებებზე. ქარგვა არის ენა, რომელიც გვეხმარება აღმოვაჩინოთ ჩვენი ადგილი სამყაროში.
აბრეშუმის გზით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეტანილ საუცხოო ხარისხის ნაწარმთან ერთად კულტურულმა გაცვლამ ნაქარგობის სტილის ცვლილებაც განაპირობა. ჩინელი ოსტატების მიერ იქმნებოდა უნივერსალური ენა ყვავილებისა და გეომეტრიული ფიგურების გამოსახვით. ევროპაში, კერძოდ კი საფრანგეთში ქარგვის კულტურამ იმდენად მოიკიდა ფეხი, რომ ლათინურ ენებში გავრცელებული აღნიშვნაც სწორედ ფრანგულიდან მოდის. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ნაქარგობა არა მხოლოდ ტანსაცმლის მოსართავი საშუალება იყო, ის ისტორიის შესანახადაც გამოიყენებოდა. ეს გობელენი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ნამუშევარია - 1066 წლით თარიღდება. 70 მეტრის სიგრძის გობელენზე ბრძოლის სცენებია გამოსახული საოცარი ექსპრესიითა და ტექნიკის უმაღლესი შესაძლებლობებით. ანგლო-საქსები იყენებდნენ ოქროსა და ვერცხლნარევ ძაფებს ხავერდზე მხოლოდ საიდუმლო, რელიგიური თემატიკის ამოსაქარგად. დროთა განმავლობაში შეიქმნა სპეციალური ლიტერატურა, სადაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ესა თუ ის ტექნიკა დეტალურად ჩაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ეტაპზე მინიმალისტურმა მიმდინარეობამ ჩაცმულობიდან ნაქარგი ზედმეტად მიიჩნია, ტექნოლოგიურმა პროგრესმა და წარმოების სისწრაფემ გარკვეული პერიოდულობით ჩაცმულობის სტილში შეიტანა ძაფით დატანილი ნახატი. დროთა განმავლობაში საქარგავი მანქანებიც გამოჩნდა. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ საკუთარი ხელით შექმნილი ნაწარმი თავს შემოქმედად გაგრძნობინებს, რაღაც განსაკუთრებული და უნიკალურის ავტორად, რაც მხოლოდ შენ გეკუთვნის. და მიუხედავად იმისა, რომ ქარგვაშიც შეიჭრა თანამედროვე ტენდენციები, ტექნიკა, რომლითაც მატერიაზე ძაფისა და ნემსის საშუალებით ნახატის დატანა ხდება დღემდე უცვლელია, ისევე როგორც მოქარგული ტანსაცმლის სინატიფე და სიმდიდრე როგორც შესრულებული საქმის სირთულიდან გამომდინარე, ასევე მისი დახვეწილობის გამო.