პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, NDI-ის კვლევით გამოჩნდა ის, რომ საზოგადოება გაუცხოებულია, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართაც.
როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, კვლევით გამოჩნდა ისიც, რომ ქვეყანაში არ არის ძალა, რომელსაც შეუძლია საპროტესტო მუხტს ერთი მიმართულება მისცეს.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებას არ აქვს ელექტორალური საყრდენი, მაგრამ მას ძალაუფლება და მექანიზმები აქვს, ხოლო ოპოზიციას არც ერთი აქვს და არც მეორე.
„რომ ვთქვა ამ კვლევით ქართულ პოლიტიკაში რამე მოულოდნელი, ახალი ტენდენცია გამოჩნდა-თქო ამას ვერ ვიტყვი. ძირითადი ტენდენცია, რაც გამოჩნდა არის ის, რომ დღეს ქვეყანაში არ არის ძალა, რომელსაც შეუძლია საპროტესტო მუხტს ერთი მიმართულება მისცეს.
საინტერესოა ისიც, რომ წინა პერიოდებთან განსხვავებით დაიწყო საზოგადოების გაუცხოება არა მარტო ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მიმართაც. ისეთი სურათია, რომ მოსახლეობა ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, პოლიტიკური პროცესები მიდის სადღაც გვერდით. მათი კვეთა თითქმის არ ხდება. ერთს არ აინტერესებს რა ხდება მეორე მხარეს, მეორეს არ აინტერესებს რა ხდება სხვა მხარეს. პარალელი რომ გავავლოთ, დღევანდელი ვითარება შეიძლება ჰგავდეს 2011 წლის ვითარებას. მაგრამ მაშინ ოპოზიციური ელიტა ერთიანი იყო. წვრილმა პარტიებმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი უნდა შეუწყონ მესამე ძალის ფორმირებას.
სამწუხარო ის არის, რომ ოპოზიცია ვერაფერს ვერ სთავაზობს საზოგადოებას. ოპოზიციისადმი ნდობის ფაქტორია ძალიან დაბალია. ხელისუფლებასაც არ აქვს ელექტორალური საყრდენი, მაგრამ მას ძალაუფლება და მექანიზმები აქვს. ოპოზიციას არც ერთი აქვს და არც მეორე“,- განაცხადა ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესს არც ერთი არ გამოხატავს. კითხვაზე: არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესს გამოხატავს, რესპონდენტთა 56%-მა აღნიშნა, რომ „არა“, 39%-მა თქვა, რომ „კი“, 4%-ის პასუხია - „არ ვიცი“, ხოლო 2 %-მა პასუხზე უარი თქვა.
ამასთან, აღნიშნული კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. ორგანიზაციის ცნობით, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ.