კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრების მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი გამოიძია, რომელიც გასახდელში ფურკან კორკმაზზე თავდასხმას უკავშირდება. განცხადების მიხედვით, რომელიც ფიბას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია არასპორტული ქცევის გამო დისციპლინურ სამართალწარმოებას თორნიკე შენგელიას, გოგა ბითაძის, დუდა სანაძისა და ფურკან კორკმაზის მიმართ იწყებს.
„საქმის მასალების, მათ შორის, ვიდეოკამერების ჩანაწერების გულდასმით შესწავლის შემდეგ, ფიბამ გადაწყვიტა დაიწყოს დისციპლინარული სამართალწარმოება არასპორტული ქცევის გამო შემდეგი მოთამაშეების მიმართ: გოგა ბითაძე (საქართველო), დუდა სანაძე (საქართველო), თორნიკე შენგელია (საქართველო) და ფურკან კორკმაზი (თურქეთი). ფიბა ასევე იწყებს დისციპლინარულ სამართალწარმოებას ორივე ფედერაციის მიმართ", - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში - "ფიბა მოითხოვს ყველა დაინტერესებული მხარისგან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, სანამ დისციპლინარულ ზომებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" 88:83 დაამარცხა თურქეთის ნაკრები. მატჩის დროს ერთმანეთს დუდა სანაძე და ფურკან კორკმაზი დაუპირისპირდნენ, რისთვისაც ორივე მათგანი გააძევეს. ინციდენტი გასახდელში გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობას სხვა კალათბურთელებიც იღებდნენ.