ბუჩაში, რუსებისგან ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, 422 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის პრესსამსახური იტყობინება.
„ბუჩაში, დეოკუპაციის შემდეგ, ოკუპანტების მიერ მოკლული 422 ცხედარი იპოვეს. მასობრივი სიკვდილით დასჯის ადგილები კიევის ოლქის პოლიციელებმა სარდაფებში, ქუჩებში, ავტოფარეხებში იპოვეს“, - აცხადებენ პრესსამსახურში.
ამასთან, პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა ერთ-ერთ ავტოფარეხში ჩხრეკის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ როდესაც რუსული არმიის ჯარისკაცები ავტოფარეხის კოოპერატივის ტერიტორიაზე შევიდნენ, სადაც ხალხი დაბომბვის დროის აფარებდა თავს, მათ მოითხოვეს, რომ ავტოფარეხები ყველას დაეტოვებინა. ერთ-ერთ ავტოფარეხში მყოფმა ადამიანებმა უარი თქვეს გასვლაზე, ამის შემდეგ, თვითმხილველების თქმით, ეს ადამიანები დახვრიტეს და დაწვეს.
„ძვლები იყო დამწვარი, როგორც ჩანს, გარდაცვლილებს ჯერ ბენზინი მიასხეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. ავტოფარეხის მახლობლად ავტომატებიდან ამოღებული ვაზნები გვეუბნება, რომ ადამიანები, სავარაუდოდ, ჯერ დახვრიტეს. ეს მოწმეების ჩვენებებსაც ემთხვევა“, - განაცხადა ნებიტოვმა.