დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ნაპოლი" გლაზგოში "რეინჯერსს" დაუპირისპირდება. ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკლავი ხვიჩა კვარაცხელია კი ჩემპიონთა ლიგაზე მისი კარიერის მეორე მატჩს გამართავს.
ნეაპოლური გუნდი დანიშნულების ადგილზე უკვე ჩავიდა. პრესკონფერენციაზე "რეინჯერსის" მწვრთნელმა ჯოვანი ვან ბრონხორსტმა განაცხადა, რომ ტურნირზე 2010 წლის შემდეგ საკუთარ მოედანზე პირველად ითამაშებენ, ახლა უკეთეს ხასიათზე არიან, რადგან სახლში თამაში სულ სხვაა, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან და გულშემატკივრების მხარდაჭერის და გამარჯვების იმედი აქვთ.
ვან ბრონხორსტს კითხვა დაუსვეს - როგორ აპირებს ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას?
"რთულად წარმოსათქმელი გვარია. ის ძლიერი, სწრაფი ფეხბურთელია, მის გასანეიტრალებლად დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რადგან განსაკუთრებულია", - უპასუხა ვან ბრონხორსტმა.
მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმაც. მისი თქმით, კვარას შესანიშნავი ტექნიკა აქვს და მაღალი ხარისხის ფეხბურთელია.
„როდესაც კარში ურტყამს, ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, რომელიც ბურთს ყოველთვის კუთხეში უშვებს. თუმცა, ჩვენს ჩემპიონატში საჭიროა დაცვითი ფაზაც. რეინჯერსთან რთული თამაში იქნება, ასე რომ, ამ თამაშში მანაც დაცვით ფაზაში თავგანწირვა უნდა აჩვენოს“, - აღნიშნა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ნაპოლიმ ლივერპული 4:1 დაამარცხა და კვარაცხელიამ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო რეინჯერსი სტუმრად აიაქსთან 0:4 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს მითვლილი.