სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის ტერიტორიის მიმართულებით განხორციელებული ქმედებების შესახებ, რასაც თან ახლდა საარტილერიო დაბომბვა და მსხვილ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლის გახსნა.
ამასთან, სომხეთის პრემიერი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსაც ესაუბრა. მისი თქმით, წუხელ აზერბაიჯანმა დაიწყო პროვოკაციული და აგრესიული სამხედრო ოპერაციები სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ საზღვრის სხვადასხვა მიმართულებით, ღრმა შეშფოთება გამოხატა შექმნილი ვითარების გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაგირების მნიშვნელობას.
სომხური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მაკრონმა დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია მიუღებლად მიიჩნია და ხაზი გაუსვა სიტუაციის დეესკალაციის აუცილებლობას.