12 სექტემბერს, 61 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მსახიობი მიხეილ (მიშა) გომიაშვილი გარდაიცვალა. არსებობენ მსახიობები და დიდი მსახიობები. მიშა გომიაშვილი დიდი მსახიობი იყო. მისი ყოველი ნამუშევარი თეატრსა თუ კინოში მაყურებელს ხიბლავდა... მსახიობს ზედაპირულობა და ზერელე დამოკიდებულება პროფესიაში არ უყვარდა, ვერც წარმოედგინა. საქმეში გულს დებდა. მისი კინოროლები საერთაშორისო ფესტივალებზე ჟიურის უყურადღებოდ არ რჩებოდა...
ბოლო დროს მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მკურნალობდა, თუმცა როგორც ჩანს, საბოლოოდ გულმა უმტყუნა...
ambebi.ge დღეს მის ახალგაზრდა კოლეგებს, მეგობრებს ესაუბრა, ადამიანებს, ვისთანაც მსახიობს ურთიერთობა, პარტნიორობა, თანამშრომლობა აკავშირებდა.
ქეთი კანტიძე, მარჯანიშვილის თეატრის დასის გამგე:
- საოცარი ადამიანი, საოცარი არტისტი დავკარგეთ. ძალიან გულდაწყვეტილები ვართ...
თემურ ჩხეიძის საოცარ სპექტაკლში "ART ხელოვნება“, 21 წლის განმავლობაში 500-ზე მეტჯერ ითამაშა. წარმოდგენა ანშლაგით მიდიოდა, ბილეთები ერთი თვით ადრე იყიდებოდა. ძალიან მოსწონდა და უყვარდა მაყურებელს. მიშა გომიაშვილი, ზურა ყიფშიძე, ალეკო მახარობლიშვილი - შერწყმული ტრიო იყო. ალბათ ასევე გახსოვთ მისი "მარადი ქმარი“ და არაერთი საუკეთესო როლი... არაჩვეულებრივი მსახიობი, ძალიან კარგი პიროვნება დავკარგეთ. გულდაწყვეტილები ვართ. ძალიან ახალგაზრდა წავიდა...
....ბოლო დროს ავადმყოფობდა, ეტყობა, ბოლოს გულმა ვეღარ გაუძლო... უცხოეთში ფილმებში იწვევდნენ, არაერთ სურათშია გადაღებული. გადაღებებზე რომ მიდიოდა, თეატრში ხელს ვუწყობდით. წარმატებული იყო მისი ყველა როლი, ფესტივალებზე პრიზებს იმსახურებდა.
სასწაული იუმორი ჰქონდა, კარგი მეგობარი და გულითადი ადამიანი იყო, ძალიან გულკეთილი, არავისთვის არაფერი ენანებოდა. ახლა მასზე "იყოს“ რომ ვამბობ, ჩემთვის წარმოუდგენელია. ვერც ვიჯერებ, რომ აღარ არის. ბევრის გაკეთება შეეძლო. ძალიან ვმეგობრობდით.
წაიკითხეთ სრულად Ambebi.ge-ზე