საქართველოს პროკურატურა 25-29 სექტემბერს, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" უმასპინძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისში დაგეგმილ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან.
ოთხდღიანი კონფერენციის ფარგლებში, სესიები და ვორქშოფები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაიმართება, როგორიცაა: პროკურატურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობა, კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია, უცხო სახელმწიფოში არსებული ელექტრონული მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ფულის გათეთრება ვირტუალური აქტივების გამოყენებით და სხვა.