შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანს, ნიკოლ დე მურს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
როგორც შსს-ში აღნიშნავენ, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.