თეთრი შურით მშურს ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის ხელისუფლების და მთავრობის, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს ზუსტად მძიმე და გარდამტეხ მომენტში ასეთი პრინციპული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ინტერესებს დაიცავდა, მაპატიეთ და არ დაიწყებდა რუსეთის წინაშე ენის მოჩლექას, თუმცა რა გასაკვირია, როცა ჩვენ პირდაპირ რუსული ხელისუფლება გვყავს, უბრალოდ, ქართული გვარებით,- ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მან ისაუბრა უკრაინის ჯარის მიერ განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე. როგორც აკია ბარბაქაძემ აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის შემდეგი - უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისთვის მომზადებული შენაერთების რაოდენობა, ტექნიკური პარამეტრები, დაგეგმარება. ექსპერტის მოსაზრებით, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არის დიდი შეტევებისთვის.