ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც სერბეთის სახელით ასპარეზობს, მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
დათუნაშვილმა ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე 87 კგ წონით კატეგორიის ფინალში დანიის სახელით მოასპარეზე ტურპან ალი ბისულტანოვი 6:2 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ზურაბ დათუნაშვილმა გერმანელი ჰანეს ვაგნერი (5:0), შვედი ალექს კესიდისი (4:1) და უნგრელი დავიდ ლოსონჩი (4:3) დაამარცხა. მან ოქროს მედალი შარშანაც სერბეთის სახელით მოიპოვა და გარდა ამისა, ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა.
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა, რომელიც ნუგზარ წურწუმიას (-55 კგ) ანგარიშზეა. 25 წლის ქართველი მოჭიდავე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
წურწუმია ფინალში აზერბაიჯანელ ელდანის აზიზლისთან ძალიან იოლად, პირველივე პერიოდში 0:8 დამარცხდა, რაც სუფთა წაგებაა და შესაბამისად, შეხვედრაც აღარ გაგრძელდა. ფინალამდე 25 წლის ქართველმა მოჭიდავემ ემირატების წარმომადგენელი მოსტაფა ალქადე (10:0), უზბეკი იასურბეკ ორტიკბოევი (5:2) და ყაზახი ამანგალი ბეკბოლატოვი (5:3) დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ წურწუმიას მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.