საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში ტაძრის საგანძურის მცველები და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო უძველესი სვანური ტრადიციების შესაბამისად, ტაძრისა და საგანძურის მცველებს ლილე (ლევან) გუგუსიანს, ზაურ გულბანს, ბაგრატ ნანსყანს (სიკვდილის შემდეგ), მირონ ფირცხელანს, ომარ ქალდანს, იაროსლავ ჩხეტიანს, ტოტა ჭეხანს, რევაზ ხოჯელანს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე რუსუდან ჯაფარიძეს და უშგულის მუზეუმის თანამშრომელ ნანული ჭელიძეს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის გადასცა.
როგორც პრეზიდენტმა საგანძურის მცველების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, დღეს დაჯილდოვდნენ ისინი, ვისი თაობებიც ოჯახებით, საუკუნეების განმავლობაში, იცავენ იმ განძს, რომელიც საქართველოს მეფეებმა სხვადასხვა დროს დაუტოვეს.