ბრიტანეთის ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა ენერგიაზე საშუალო გადასახადი, რომელიც 2 500 ფუნტს შეადგენს, ორი წლის განმავლობაში გაყინა. The Telegraph-ის შეფასებით, პრემიერის მიზანია, ყველა ოჯახი გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასების ზრდისგან დაიცვას.
გამოცემის მონაცემებით, ასეთი ინტერვენციის გარეშე საყოფაცხოვრებო ენერგიის საშუალო გადასახადი მომავალ თვეში 80%-ით, ანუ წელიწადში 1 971 ფუნტიდან 3 549 ფუნტამდე გაიზრდებოდა, ახლა კი საშუალო გადასახადი 1-ლი ოქტომბრიდან 2024 წლამდე 2 500 ფუნტით შემოიფარგლება. აღსანიშნავია, რომ შემდეგი საყოველთაო არჩევნები სწორედ 2024 წელს უნდა გაიმართოს.
პაკეტი, რომელიც შესაძლოა, 130 მლრდ ფუნტ სტერლინგამდე დაჯდეს, სავარაუდოდ, მთავრობის სესხებით დაფინანსდება და ენერგიაზე გადასახადების სამომავლო გაზრდით არ კომპენსირდება. თუმცა დამატებით დეტალებს კანცლერი ამ თვის ბოლოს გაასაჯაროვებს.