ოცნების ყოფილი ოთხეულის მხრიდან ამერიკის ელჩისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს პარტია საქართველოში ეხმაურებიან. ყოფილი პრემიერის გუნდი ოცნების ყოფილი წევრების განცხადების უკან კვლავ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კვალს ხედავს. ბერდია სიჭინავა ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, გამოვიდეს კულისებიდან და თუ რაიმე სათქმელი აქვს, ყველაფერი პირადად თქვას. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ბოლო თვეების ანტიამერიკული პროპაგანდა წინასწარ დადგმული სცენარის ნაწილია, ეს კი ქვეყნის დასავლურ მომავალს მნიშვნელოვნად აზიანებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ,,იდეათონი სოციალური ცვლილებებისთვის’’ გაიმართა. ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან 50-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. იდეათონის ძირითადი მიზანი დეზინფორმაციისა და მოხალისეობის საკითხებზე მოზარდთა ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს. გარდა ამისა, იდეათონში მონაწილეობის მისაღებად 500-ზე მეტი მოზარდი დარეგისტრირდა.