ნატოსკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. მრავალეროვნული სწავლება - „ღირსეული პარტნიორი“ დასრულდა. ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ მინისტრი და პრეზიდენტი დაესწრო. მთავრობის მეთაურმა სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მასში ჩართულ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა. მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას ასევე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ მიმართეს. ღონისძიება სწავლების მონაწილე პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უცხოელი და ქართველი სამხედროები წვრთნებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით -„ღირსეული პარტნიორი“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.