ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები უპრეცედენტოდ გაზარდა და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ ზრდაზე მიანიშნა. განაკვეთი დეპოზიტებზე 0-დან 0.75%-მდე, რეფინანსირების განაკვეთი კი 1.25%-მდე გაზარდა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ეკონომიკა რეცესიისკენ მიექანება, ბანკის პრიორიტეტი რეკორდულ 9.1%-იან ინფლაციასთან ბრძოლა და გაუფასურებული ევროს კურსის დაჭერაა.
ამასთან, ენერგოკრიზისის ფონზე, ევროს კურსი დოლართან მიმართებით 20-წლიან მინიმუმზეა. ევრო ამგვარად მას შემდეგ გაუფასურდა, რაც რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ მილსადენ Nord Stream 1-ით ევროპაში გაზის მიწოდება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა შეცვალა პროგნოზებიც, რომლის თანახმადაც, მომავალ წელს სამომხმარებლო ფასები 5.5%-ით გაიზრდება. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, 2023 წლისთვის პროგნოზი 2.6%-ია.