ძიუდო | ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე 16 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს - Palitra News

ძიუდო | ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე 16 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

2022-09-09 10:41:45+04:00

15 სექტემბრიდან ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ძიუდოში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს. აღნიშნული ტურნირზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სოლიდური შემადგენლობით წარსდგება.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, მოახლოებულ ტურნირზე 16 ქართველ ძიუდოისტს - 9 ვაჟსა და 7 გოგონას ვიხილავთ.

ვაჟებში იჭიდავებენ 60 კგ-ში თორნიკე მაზიაშვილი, 66 კგ-ში თენგო ზირაქაშვილი და ალეკო კასრაძე, 73 კგ წონაში იასპარეზებს კოტე კაპანაძე, 81 კგ წონით კატეგორიაში იჭიდავებს გიორგი ჯაბნიაშვილი, 90 კგ-ში თორნიკე ფოლადიშვილი, 100 კგ-ში მიხეილ ჯაფარიძე, ხოლო მძიმე წონაში იასპარეზებენ შალვა გურეშიძე და უჩა ტაბატაძე.

გოგონებში საქართველოს ნაკრების ღირსებას 48 კგ-ში დაიცავს ჯულიეტა როდონაია, 52 კგ-ში მარიამ ფოცხვერაშვილი, 57 კგ-ში ნინო ლოლაძე და ნინო წიკლაური, 63 კგ-ში ეთერ ასკილაშვილი, 70 კგ-ში ნინო გულბანი, ხოლო 78 კგ-ში იჭიდავებს მარინე მაისურაძე.

შეგახსენებთ, გასულ წელს ახალგაზრდებს შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილზე გავიდა.

ცნობისთვის, პრაღაში ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი 15-დან 17 სექტემბრის ჩათვლით წარიმართება, 18-ში კი გუნდური პირველობა არის დაგეგმილი, რომელში მონაწილეობასაც საქართველოც ნაკრებიც მიიღებს.