წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მე-2 კვარტალში 351.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მე-2 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1 %-ით მეტია.
საქსტატის ცნობით, 2022 წლის მე-2 კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 2.3-ჯერ გაიზარდა და 90.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 68.3 %-ით განისაზღვრა.
ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 64.7 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები - 44.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე იაპონიაა - 41.8 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 76.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8 %-ია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი - 75.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე იმყოფება საფინანსო სექტორი 47.6 მლნ აშშ დოლარით.