შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გამყოფი ხაზის სოფლებში იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრი, საოკუპაციო ხაზთან, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევს ესტუმრა. ავლევში შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფელი კნოლევისა და ცერონისის მცხოვრებლები.
როგორც თეა ახვლედიანმა განაცხადა, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის ხელშეწყობაა.
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი შიდა ქართლში გამყოფი ხაზის სოფლებს სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან მათ წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს.