„სიონის ვარსკვლავი“, „ისრაელის ოქროს დედა“, „სამშობლოსთვის თავგანწირული ქალი“ - სწორედ ასე უწოდებდნენ გოლდა მეიერს - უდიდეს ებრაელ სახელმწიფო მოღვაწეს, რომლის პატრიოტიზმი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობა მართლაც ფასდაუდებელია ისრაელის 2 500-წლიან ისტორიაში, რადგან მის გარეშე შესაძლოა არც ებრაელთა დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოფილიყო.
გამბედავი, ენთუზიაზმით სავსე ქალბატონი, რომელსაც მძიმე ცხოვრებამ და განადგურების მუდმივმა შიშმა განუვითარა მტკიცე ნებისყოფა, პრაქტიკულად ყოველდღე სწირავდა საკუთარ თავს ერთადერთ ოცნებას - ებრაელი ხალხისთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებას, თუმცა იდეალისტი, ბუნებით მეოცნებე მეიერი არასდროს გაურბოდა სირთულეებს და ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც ინარჩუნებდა სიმტკიცეს, თვითრწმენასა და პრაგმატულად აზროვნების უნარს.
გოლდა მაბოვიჩი რუსეთის იმპერიაში, კიევის ებრაულ გეტოში დაიბადა მოიშე-იცხაკ და ბლუმა მაბოვიჩების ოჯახში, რომელთაც რვა შვილი ჰყავდათ, თუმცა ხუთი ჩვილობაში გარდაიცვალა და მხოლოდ გოლდა გადაურჩა სიკვდილს უფროს დებთან შეინასა და კლარასთან ერთად. მართალია, მოიშე დახელოვნებული დურგალი იყო, რომლის ნახელავს ვერავინ დაიწუნებდა, მაგრამ მისი შემოსავლით მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა ოჯახის რჩენა, რადგან კლიენტების უმეტესობა უბრალოდ უარს ეუბნებოდა გასამრჯელოს გადახდაზე, მოიშე კი, მოთხოვნას ვერ ბედავდა, რადგან რუსეთის კანონმდებლობა არასდროს იცავდა ებრაელების უფლებებს.
მე-19 საუკუნის ბოლო რუსეთის იმპერიაში ებრაელების უმოწყალო დევნით აღინიშნა, რადგან ნიკოლოზ მეორემ სწორედ ისინი დაადანაშაულა იმპერიის ყველა მარცხში და სასტიკი, სრულიად აბსურდული კანონი შემოიღო, რომელიც ცხოვრების წესთან ერთად ებრაელთა ქორწინების უფლებასაც განსაზღვრავდა. განრისხებული ბრბო ხშირად მონაწილეობდა დარბევებში, რაც ებრაელებზე ორგანიზებულ თავდასხმას, მათი ქონების განადგურებას და ხშირად მკვლელობას ნიშნავდა. გოლდას ერთ-ერთ პირველ მოგონებადაც სწორედ შეშლილი ბრბო იქცა, რომლისგან დაცვას მშობლები სახლის ფანჯრების აჭედვით ცდილობდნენ.
1903 წელს მაბოვიჩებმა ბელორუსში, ქალაქ პინსკში გადაბარგება გადაწყვიტეს, თუმცა, მოიშემ ვერც იქ მოიკიდა ფეხი და რამდენიმე თვეში, ინსტრუმენტების გაყიდვით ნაშოვნი ფულით გაემგზავრა ამერიკაში. 3 წლის შემდეგ ოჯახის უფროსს მეუღლე და ქალიშვილებიც შეუერთდნენ, თუმცა მათი მოგზაურობა ბევრად რთული აღმოჩნდა, რადგან ჯერ პოლონეთის, ავსტრიისა და ბელგიის საზღვრის არალეგალურად, მესაზღვრეების მოქრთამვით და ყალბი დოკუმენტებით გადაკვეთა მოუხდათ, უზარმაზარი ხომალდზე აღმოჩენილებს კი, მთელი 14 დღე დასჭირდათ ატლანტის ოკეანის გადასალახად.
ოჯახი ამერიკის ჩრდილოეთში, ვისკონსინის შტატის ქალაქ მილოუკიში დასახლდა. მართალია, თავიდან 8 წლის გოლდა მსხვილი ქალაქის ცხოვრებამ დააფრთხო, მაგრამ სწრაფად შეეჩვია და განსაკუთრებით ნაყინი, გამგრილებელი სასმელი მოეწონა, რომელიც მანამდე არასდროს გაესინჯა. ახალ გარემოში ადაპტაციის შემდეგ ბლუმმა მცირე საპროდუქტო მაღაზია გახსნა სახლის სარდაფში, რომლის ყოველ დილას გაღება გოლდას მოვალეობად ითვლებოდა. თუმცა, დედის დავალებამ მცირეწლოვანი გოგონა საშინლად აღაშფოთა, რადგან მაღაზიის მეურვეობა სკოლაში დაგვიანებას აიძულებდა.
სირთულეების მიუხედავად, გოლდას ძალიან მოსწონდა ამერიკული სკოლა, მით უფრო, რომ ინგლისურიც მარტივად ისწავლა და მეგობრებიც სწრაფად შეიძინა. მე-4 კლასში გოლდამ პირველად გამოავლინა თანდაყოლილი ლიდერული თვისებები, როცა მეგობართან რეგინა ჰამბურგერთან ერთად „ახალგაზრდა დების ამერიკული საზოგადოება“ ჩამოაყალიბა და მცირე აქცია მოაწყო ნაკლებად შეძლებული მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების შესაძენი ფულის შესაგროვებლად. მცირეწლოვანი გოლდას სიტყვამ, რომელიც მან ქველმოქმედი მილუოკელების წინაშე წარმოთქვა, პუბლიკა აღაფრთოვანა და საჭირო თანხაც იმაზე სწრაფად შეგროვდა, ვიდრე აქციის ორგანიზატორს წარმოედგინა.
რა თქმა უნდა, მშობლები ამაყობდნენ ქალიშვილის მიღწევებით, თუმცა რვა კლასის განათლებაც საკმარისად მიაჩნდათ, რადგან ქალის უპირველეს მოვალეობად ოჯახის შექმნას და დიასახლისობას თვლიდნენ, თუმცა, გოლდა ნაკლებად იზიარებდა მათ სურვილებს და რადგან ყოველთვის პედაგოგობაზე ოცნებობდა, 1912 წელს სახელმწიფო სკოლაში ჩააბარა, რითაც დედის წყრომა და უკმაყოფილება დაიმსახურა.
ბლუმა თავგამოდებით ცდილობდა 14 წლის გოლდასთვის საქმროს მოძიებას და პრაქტიკულად ძალით გათხოვებას, თუმცა გოლდა ისევ არ დაემორჩილა დედის ნებას და უფროს დასთან შეიეთან გაემგზავრა, რომელიც მეუღლესთან შამა კონგოლდთან და ქალიშვილთან იუდიტთან ერთად დენვერში ცხოვრობდა. სხვათა შორის, თანხა სამგზავრო ბილეთის შესაძენად გოლდამ თვითონ შეაგროვა, როცა საათში 10 ცენტად შესთავაზა ახლად ჩამოსული ემიგრანტებს ინგლისური ენის შესწავლა.
მართალია, საკუთარი თავნებობით გოლდამ ძალიან დაწყვიტა გული მშობლებს, მაგრამ საკუთარ პრინციპებს მაინც არ უღალატა, მით უფრო, რომ წარმატებით ჩაირიცხა საშუალო სკოლაში და აქტიურად შეუდგა სწავლას.
აღსანიშნავია, რომ 1910-იან წლებში მხოლოდ დენვერში იყო ქვეყნის ერთადერთი კლინიკა ებრაელი ემიგრანტებისთვის, რომლის მედპერსონალი და პაციენტები ხშირად სტუმრობდნენ შამა კონგოლდს ყოველდღიური პრობლემების განსახილველად. ემიგრანტებს შორის მრავლად იყვნენ ანარქისტი სიონისტებიც, ვისთან ურთიერთობამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა გოლდას მიზნები და სურვილები. მოზარდი გოგონა ყურადღებით უსმენდა დისკუსიას სიონიზმზე - მოძრაობაზე, რომლის მთავარ მიზანს პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენდა და სიონისტების რწმენით, საქმის ერთგულებით აღფრთოვანებული, თვითონაც იმავეზე ოცნებობდა.
სხვათა შორის, სწორედ დენვერში გაიცნო გოლდამ მომავალი მეუღლე, ლატვიელი ემიგრანტი, 21 წლის მორის მეიერსონი - მშვიდი და მოკრძალებული ახალგაზრდა, რომელმაც გაცნობისთანავე შესთავაზა გოლდას ცოლობა, მაგრამ უარი მიიღო, რადგან 16 წლის გოლდას სულ სხვა გეგმები ჰქონდა, თუმცა შეჰპირდა, რომ ერთ დღეს აუცილებლად გახდებოდა მისი მეუღლე.
1914 წელს გოლდამ მამის წერილი მიიღო, რომელიც დედის ავადმყოფობის შესახებ ატყობინებდა და სასწრაფოდ მილუოკიში დაბრუნებას სთხოვდა. როგორც აღმოჩნდა, ბლუმას ავადმყოფობა ძლიერმა სტრესმა გამოიწვია, რადგან საშინლად განიცადა ქალიშვილის სახლიდან წასვლა. გოლდამ შეასრულა მშობლების თხოვნა, რამაც მორისთან დაშორება აიძულა, თუმცა შეყვარებულები სისტემატურად წერდნენ ერთმანეთს წერილებს, მით უფრო, რომ მეირსონი მალე მილუოკიში გეგმავდა გადაბარგებას.
1910-იანი წლების მეორე ნახევარში მაბოვიჩების ცხოვრება მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა, მოიშემ მუდმივი სამუშაო იშოვა და ოჯახი ახალ, ბევრად კეთილმოწყობილ ბინაში გადავიდა, მეტი ლმობიერება გამოიჩინა ბლუმმაც და ქალიშვილს სკოლაში სწავლის უფლება მისცა, რომლის დასრულების შემდეგ გოლდამ ვისკონსინის პედაგოგიურ კოლეჯში ჩააბარა, თუმცა არც საკუთარი ოცნება დაივიწყა და 17 წლისა მემარცხენე სიონისტების რადიკალურ პოლიტიკურ ორგანიზაციას - სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას „პოალეი ციონს“ შეუერთდა.