სამრეწველო მეტალებზე ფასი მკვეთრად შეიცვალა და კლებისკენ წავიდა. ამის მიზეზი კი ევროპაში ენერგოკრიზისის გამწვავება და ჩინეთში წარმოების ტემპების შენელებაა, რამაც ტრეიდერები დააფრთხო - წერს Financial Times-ი.
გამოცემის ინფორმაციით, S&P GSCI ინდექსი აგვსიტოდან მოყოლებული 9%-ით, ხოლო წლის განმავლობაში მთელი 17%-ით არის შემცირებული.
ანალიტიკოსების შეფასებით, მეტალებზე ფასის კლებაში მთავარ ფაქტორად რჩება მოსალოდნელი ენერგოკრიზისი ევროპაში და მისგან გამოწვეული ეკონომიკური რეცესია.
ამასთან, ანალიტიკოსები დამატებით ფაქტორად ასახელებენ ჩინეთში მრეწველობის ზრდის ტემპების შენელებას და ჩინური ეროვნული ვალუტის ამერიკულ დოლართან გაუფასურებას, რომელმაც იუანით მისი შესყიდვა გააძვირა.
რაც შეეხება ნავთობს, აღნიშნული ფაქტორები გავლენას ახდენს ნავთობის გლობალურ ფასზეც, გუშინ ბრიტანული Brent მარკის ნავთობის ფასი 93 დოლარამდე გაიაფდა, ხოლო ამერიკული WTI ნავთობის ფასი 86 დოლარამდე დაეცა. ნავთობის ფასზე ნეგატიური გავლენა იქონია ასევე ჩინეთის ცალკეულ რეგიონებში მკაცრი ლოქდაუნების შემოღებამ.