2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 163,5%-ით გაიზარდა.
კერძოდ, გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის სტატისტიკის მიხედვით, წელს 7 თვეში ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 3 966-მა მოქალაქემ მოითხოვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 505-მა.
მთლიანად კი ამ დროისთვის ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე განაცხადი საქართველოს 4 475 მოქალაქეს აქვს დაწერილი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 150%-ით მეტია. 2021 წლის 7 თვეში ფედერაციულ რესპუბლიკაში ლტოლვილის სტატუსს საქართველოს 1 805 მოქალაქე ითხოვდა.
ამავე სტატისტიკით, მთლიანად წელს იანვარ-ივლისში გერმანიაში თავშესაფრის მიღებაზე განაცხადი სხვადასხვა ქვეყნის 98 395-მა მოქალაქემ დაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მაჩვენებელში ქართველების წილი მცირეა, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში თავშესაფრის მიღების მოთხოვნის მსურველთა ხუთეულში მაინც შედიან.
წელს 7 თვეში გერმანიაში თავშესაფარზე ყველაზე მეტი 28 709 განაცხადი სირიის მოქალაქეებმა დაწერეს; მეორე ადგილზეა ავღანეთი - 17 042 განაცხადით, სამეულში შედის ერაყი, საიდანაც გერმანიაში თავშესაფარი 8 843-მა მოქალაქემ ითხოვა. ხუთეულში შედიან თურქეთი და საქართველო, შესაბამისად, 7 621 და 3 966 განაცხადით.