ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანაში მტრის ძებნა, ოპოზიციამ კი რიგგარეშე არჩევნებზე ეს გაუგებარი და დაუმთავრებელი ლაპარაკი უნდა დაასრულოს და საქმეს მიხედონ, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
თინა ხიდაშელის თქმით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნა მარცხისთვისაა განწირული და მათ 2024 წლის არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, გუშინ ბრიუსელში გაკეთებული განცხადებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკავშირი მზად არის იმ მომენტში, როდესაც 12-პუნქტიანი გეგმა შესრულდება, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობისკენ გზა გაუხსნას.
თინა ხიდაშელის განცხადებით, ბრიუსელიდან მორიგ ჯერზე გაკეთდა მითითებები იმაზე, რომ ჩვენ საშინაო დავალება შესასრულებელი გვაქვს, რაც ყველაზე მთავარი კრიტიკა და იმავდროულად, ყველაზე მთავარი დღის წესრიგია.