ჩემპიონთა ლიგა | I ტური: პსჟ-მა მბაპეს დუბლით "იუვეს" სძლია - "სიტიმ" და "რეალმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს - Palitra News

ჩემპიონთა ლიგა | I ტური: პსჟ-მა მბაპეს დუბლით "იუვეს" სძლია - "სიტიმ" და "რეალმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს

2022-09-07 10:04:11+04:00

ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონი დაიწყო, პირველი დიდი დაპირისპირება პარიზში შედგა, სადაც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი პარი სენ-ჟერმენი ტურინის იუვენტუსს დაუხვდა. პარიზელებმა მიზანს მალევე მიაღწიეს, კილიან მბაპემ ჯერ ნეიმარის პასით გაიტანა, შემდეგ - ჰაკიმის. მეორე ტაიმი სტუმრების იყო - მაკენიმ ერთი ბურთი დონარუმას შეცდომის წყალობით გაქვითა, თუმცა იტალიურმა გრანდმა მეტი ვერ შეძლო და პსჟ-მ სეზონი სამი ქულით დაიწყო.

ერლინგ ჰაალანდის ტრიუმფი ვიხილეთ "სანჩეს პისხუანზე", სადაც მანჩესტერ სიტიმ 4:0 გაანადგურა სევილია, ნორვეგიელმა კი დუბლი შეასრულა.

მოიგო "სამეფო კლუბმაც", რომელმაც შოტლანდიაში სელტიკი 3:0 დაამარცხა, მაგრამ ტრავმის გამო ქარიმ ბენზემა პირველივე ტაიმში გამოაკლდა.

გერმანიაში სენსაცია შემოგვთავაზა დონეცკის შატხარმა, უკრაინულმა კლუბმა ლაიპციგს 4:1 მოუგო.